ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა და კინოდრამატურგმა - ანატოლი გოლოვკოვმა, რომელიც ფოტოხელოვან იური როსტთან ერთად 9 აპრილს ქართველების გვერდით იდგა და საკუთარი ვიდეო კამერით აფიქსირებდა უმძიმეს კადრებს, მოსკოვიდან ექსკლუზიურად გამოგვიგზავნა წერილი (9 აპრილის ტრაგედიიდან 25-წლისთავთან დაკავშირებით; „იალქანი“, 2014 წ. #29).
„იალქანმა“ ქართულ მედია-სივრცეში პირველმა დაბეჭდა ევროპაში დღეს უკვე ძალზე ცნობილი ახალგაზრდა გალელი მწერლის, იტალიაში მოღვაწე რუსკა ჟორჟოლიანის პუბლიკაციები (2016 წ. #33).
ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ბათიამში (ისრაელი) მოქმედი სუხიშვილების სახელობის სტუდიის ხელმძღვანელთან, ყოფილ სუხიშვილელთან - თამაზ ციციშვილთან (ამ სტუდიის აღსაზრდელებს საჩუქრად გაეგზავნათ ჟურნალის 30 ცალი ეგზემპლარი) (2008 წ. #25).
აფხაზეთის ომის გამოძახილია დოკუმენტური ფილმი „ინტერნატი“. იდეის ავტორმა და რეჟისორმა, ახალგაზრდა იტალიელმა ხელოვანმა მაურელიო მანგანომ თავისი შთაბეჭდილებები „იალქნისთვის“ პალერმოდან გამოგზავნილი პუბლიკაციით გაგვიზიარა (2014 წ. #29).
ჟურნალს თავისი ომისდროინდელი მოგონებებით (რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ომი - XX საუკუნის 90-იანი წლები) შეეხმიანა პარიზში მოღვაწე ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, პირველი დამოუკიდებელი გაზეთ „შანსის“ დამფუძნებელი და რედაქტორი - ბონდო ქურდაძე (2017 წ. #38).
ერთ-ერთ უკანასკნელ ნომრებში დაიბეჭდა იაპონელი პროფესორების - ხელოვნებათმცოდნის რიო კოჯიმასა და ქართველოლოგის ჰაიატე სოტომეს პუბლიკაციები (ბატონმა სოტომემ „იალქანს“ პუბლიკაცია ტოკიოდან ქართულ ენაზე გამოუგზავნა) (2020 წ. #45, #46).
„იალქნის“ მკითხველებმა შეიტყვეს ამბავი ფლორენციაში დაბადებული ფრანჩესკო ტრეჩის შესახებ, რომელმაც „იალქანს“ ძალზე ამაღელვებელი წერილი გამოუგზავნა. ტრეჩისთვის საქართველო ესაა „ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“ (ასე დაასათაურა ტრეჩიმ იტალიაში გამოცემული წიგნი საქართველოზე) (2020 წ. #47).
საზოგადოება დღემდე ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარების მეტად გაჭიანურებული პროცესის მოწმეა. მიუხედავად ამისა, „იალქანი“ დღესაც თანმიმდევრულად და, რაც მთავარია, პოზიტიურ ჭრილში ასახავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, ადამიანთა კონსოლიდაციას ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისათვის.