„იალქანი“ - შემეცნებით-ლიტერატურული ჟურნალი ყმაწვილთათვის დაარსდა 1996 წელს, თბილისში. მისი დამფუძნებელი და პირველი რედაქტორი იყო სალომე კაპანაძე (დოქტორი, პროფესორი, კრიტიკოსი). თავიდან იყო A5 ფორმატის, დაბეჭდილი ცარცის ქაღალდზე, ფერადი, ილუსტრირებული, 32-გვერდიანი. ჟურნალი შეიქმნა უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების პირობებში - აფხაზეთის დაცემიდან 3 წლის შემდეგ.
„იალქანი“ მაშინ აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი კავშირის ორგანო იყო (2010 წლამდე). მისი თავმჯდომარე, პოეტი გენო კალანდია ხშირად იმეორებდა, „იალქნის“ ნათლია მე ვარო (სახელწოდება ჟურნალს მან შეურჩია).
სრულიად აპოლიტიკური საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ დანიშნულება იმთავითვე გამოიკვეთა: აფხაზეთში დაბადებულ მოზარდთა მეხსიერებაში არ განელებულიყო მშობლიური კუთხისადმი სიყვარული; რაც მთავარია, ჟურნალს თავისი მოკრძალბული წვლილი შეეტანა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.
კითხვას, რატომ შეიქმნა „იალქანი“, მისი პირველი რედაქტორი სალომე კაპანაძე ასე განმარტავს: „ჩემმა 8 წლის ვაჟმა ერთხელ მკითხა, მე ახლა თბილისელი ვარ თუ სოხუმელიო.“ კითხვა ძალიან საგანგაშო მეჩვენა... ეს თაობა თავისი ბავშვობიდან კარგავდა ყველაზე ლამაზ სივრცეს. ამიტომაც იმაზე ფიქრმა, თუ როგორ დამებრუნებინა ირაკლისთვის აფხაზეთი, კარგა ხანს არ მომასვენა. ასე დაიბადა ჟურნალი „იალქანი“ იმ თაობისათვის, ვისაც ეს კითხვა კიდევ გაუჩნდებოდა“.
ჟურნალის დაარსებიდან მეოთხედი საუკუნეა გასული. ამ დროის მანძილზე გაიზარდა ახალ-ახალი თაობები, რომელთაც ამჯერად არა გასახსენებელი, არამედ უკვე შესასწავლი აქვთ აფხაზეთის კულტურულ-ისტორიული წარსული, დღევანდელობა, საერთო საუკუნოვანი ტრადიციები.
დღეს „იალქანი“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული სსიპ-ის „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ გამოცემაა.
სამშვიდობო განათლება აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრიორიტეტად მიჩნეული ინიციატივაა, რასაც „იალქანი“ წარმატებით ახორციელებს.
25 წელიწადია, ჟურნალის სანდო მკითხველები და გულშემატკივრები არიან ჩვენი ახალგაზრდები, იგივე თინეიჯერები. „იალქანს“ ნინველურ ჟურნალსაც ვუწოდებთ. ასე განმარტავს თინეიჯერულ ასაკს სულხან-საბა („იალქანს“ რუბრიკაც აქვს - „წარმატებული ნინველები“).
არსებობის 25 წლის მანძილზე მკითხველს მიეწოდა „იალქნის“ 49 გამოცემა (გვქონდა წყვეტის პერიოდები - 2010 წელს დახურული ჟურნალი განახლდა 2014 წლის ბოლოს). 2014 წლიდან ჟურნალი წელიწადში გამოდის სამჯერ (300-300 ტირაჟით). 2019 წლის ჩათვლით გამოცემის ტირაჟი შეადგენდა 500 ცალს. ამჯერად A4 ფორმატის ჟურნალი „იალქანი“ 60-გვერდიანია, მთლიანად ფერადი, დაბეჭდილი ცარცის ქაღალდზე.
იცით, რატომ უნდა არსებობდეს „იალქანი“?
რომ მოზარდმა შეიყვაროს ნაბეჭდი სიტყვა, შესაბამისად, წიგნი. მით უფრო, დღეს - ვირტუალური წიგნების ეპოქაში.
„იალქნის“ გვერდებზე სახელოვანი ადამიანებისა თუ ისტორიული მოვლენების შესახებ სათქმელს კრავს 80-ზე მეტი რუბრიკა (თემატურად და ჟანრობრივად განსხვავებული რუბრიკების შესახებ უფრო ქვევით); ამასთან, „იალქანი“ აუცილებლად გადაინტერესებთ მოძიებული ექსკლუზივებით, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საჭირო ინფორმაციებით, მუდმივი სიახლეებით, სახალისო თემებით, საინტერესო სტუმრებით.
„იალქანი“ იმიტომაც უნდა შექმნილიყო, რომ აქ ერთმანეთს შეხვედროდნენ იალქნელები, პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები: მხატვრული რედაქტორი - ნუნუ ჯანელიძე (პოეტი და პროზაიკოსი), მხატვარი - დალი მუხაძე (პოეტი და მხატვარი), დიზაინერი და დამკაბადონებელი - ვახტანგ ზაქარაია. 2005 წლიდან ჟურნალის რედაქტორია ნანა ჭანტურია (ჟურნალისტი).
„იალქანი“ იმიტომაც უნდა დაბადებულიყო, რომ დიდი გურამ დოჩანაშვილი ასე შეხმიანებოდა იალქნელებს (ჯერ კიდევ 2010 წელს):
„როგორ გამახარა იმ უსაზღვრო ბედნიერებამ, რაც ჟურნალ „იალქნის“ წაკითხვამ მომანიჭა; როგორი ტევადია - ჩვენი გახარებისა და, რაც მთავარია, გადარჩენისათვის, გნებავთ, სიამაყისთვისაც. რამდენი უაღრესად საჭირო, ჩვენთვის აუცილებელი რამაა აქ. „იალქნის“ არკითხვა, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გამოვასწოროთ. ნეტავი, ყველანი ამ ჟურნალის მკითხველები გავმხდარიყავით“ (2010 წ. #28).