ჟურნალი ახლადდაარსებული იყო, როცა ერთჯერადად გამოიცა „იალქნის“ სპეცნომრები იტალიურ და ესპანურ ენებზე. ექსკლუზიური ნომრები საჩუქრად გადაეცათ იტალიელ და ესპანელ ოჯახებს, რომლებმაც უმასპინძლეს ამ ქვეყნებში საგანგებო პროგრამით გაგზავნილ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს.
ამ სამიოდე წლის წინათ ქართულ და აფხაზურ ენებზე „იალქნის“ ეგიდით გამოვიდა სპეციალური ნომრები, სახელწოდებით „ცა აფხაზური“. ორივე გამოცემა წარდგენილი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე. მოგვიანებით გამოცემები მიეწოდათ ჰოლანდიისა და საბეძნეთის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს. „ცა აფხაზური“ გაიგზავნა გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ქართულ სკოლებშიც (ჯერაც ფუნქციონირებდა ქართული სკოლები), სოხუმშიც (რა თქმა უნდა, კერძო კონტაქტებით).
„ხატულა ლექსები ბავშვებისა და მშობლებისათვის“ - ესაა 2018 წელს „იალქნის“ განსხვავებულად სახალისო და მხიარული პროექტი ყველაზე პატარებისთვის. „ჩაკიდეთ „ხატულა ლექსებს“ ხელი და დამიჯერეთ, დიდხანს დარჩებით ბავშვობასთან, „ზღაპრებით დამპურებლებთანაც“ - დალი მუხაძესთან და ნუნუ ჯანელიჯესთან“, ვკითხულობთ რედაქტორის წერილში.
2021 წლის ბოლოს ჟურნალის დაარსების 25-ე წლისთავს მიეძღვნა „იალქნის“ ორი საიუბილეო გამოცემა - „ბარათები ჩვენი სანაპიროდან“ და „საკოკროჭინო“.